მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 17:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბესო შენგელია – რეჟიმის პრემიერ-მინისტრის განცხადება ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებაზე, თვალის ახვევა, სიცრუე და ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია – დაუყოვნებლივ შეჩერდეს ყველა დანაშაულებრივი სქემა და გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 16:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რეჟიმის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება ე.წ. „ჰუმანიტარულ დახმარებაზე“ არის უბრალოდ თვალის ახვევა, სიცრუე და ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ბესო შენგელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ის მოითხოვს, შეჩერდეს ყველა დანაშაულებრივი სქემა და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „მტრულად განწყობილი უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალების უკანონო მომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების სავარაუდო ხელყოფის ფაქტზე“.

„საქართველოდან გაზიდული საწვავი სრულად რუსულ საოკუპაციო მანქანას და სეპარატისტებს ხმარდება. ხელისუფლებად წოდებულ რეჟიმს შევახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობის დროს აგრესორის საწვავითა და საპოხი მასალებით პირდაპირი თუ ირიბი მომარაგება, თავისი სამართლებრივი შედეგებითა და უსაფრთხოების რისკებით, წარმოადგენს საომარი მოქმედებების პირდაპირ მხარდაჭერასა და მტრისთვის იარაღის მიწოდების ტოლფას ქმედებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები: 1. რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში (სამხედრო ნაწილი №09332), რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღეებიდან მონაწილეობს რამდენიმე მოტომსროლელი ბატალიონით; 2. რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო დივიზიონი და საზღვაო ფლოტი ოჩამჩირის პორტში – ქართული საწვავი პირდაპირ ისხმება ფსბ-ს „სობოლისა“ და „მანგუსტის“ ტიპის სამხედრო კატარღებში; 3. გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომი, რომელიც სტრატეგიული დანიშნულებისაა; 4. წაბელდისა და ნაგვალოუს პოლიგონები, სადაც ამ საწვავით ოკუპანტების ძირითადი საბრძოლო წვრთნები ტარდება. დარჩენილი 15%-იდან 10%-ს ინაწილებს ე.წ. დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები, სადაც საწვავის გაყოფაზე ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული რობერტ კიუტს, ბესლან ცვიჯბასა და ჯემალ დბარს შორის, ხოლო ბოლო 5%-ის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს გალის მილიციის უფროსი ბადრი ჯიკირბა და „გაის“ ხელმძღვანელი ასტამურ ტანია ებრძვიან. და აი, აქ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ღალატი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, სადაც შეყვანილნი არიან საქართველოს მოქალაქეების მკვლელები და ოკუპანტები! ადამიანები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ, დღეს „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებული საწვავით გადაადგილდებიან! „ქართული ოცნება“ საწვავს უსხამს გიგა ოთხოზორიას მკვლელს, რაშიდ კანჯი-ოღლის და მისნაირ დამნაშავეებს! არცერთი ლიტრი საწვავი რიგით მოქალაქემდე უფასოდ ან პირდაპირი წესით არ მიდის! ადგილობრივებს საწვავის ყიდვა მხოლოდ “შავ ბაზარზე” შეუძლიათ, რომელსაც სწორედ ჯიკირბასა და ტანიას დაჯგუფებები აკონტროლებენ, სადაც 1 ლიტრის ფასი 130-დან 220 რუბლამდე (4.04-დან 6.50 ლარამდე) აღწევს. ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, კობახიძის სიძემ, აფხაზეთის დევნილთა ე.წ. მინისტრმა დავით ფაცაციამ პირდაპირ აღიარა, რომ ქართული მხარე სრულად ინფორმირებულია საწვავის შეტანის ყოველ ეტაპზე. ამას ემატება დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრის, ბატალ მუჟბას აღიარებაც, რომ ეს არ ყოფილა ბიზნესი და საწვავი „ოცნების“ რეჟიმისგან პირდაპირი წესით მიიღეს. ამავდროულად, საწვავის გამსხვისებელი კომპანია „რეპსოლი“ (იგივე „ქონექთი“) წლების განმავლობაში რუსული საწვავის იმპორტიორი იყო, ხოლო არსებული მასალები სავარაუდო კავშირს ადგენს ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან. ყოველივე ზემოაღნიშნული აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა, ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიის პირდაპირი ხელშეწყობა, ჩვენი გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

საქართველოს ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ოკუპანტისა და მკვლელების ზურგის მომარაგების ბაზა. ამ დანაშაულზე პასუხს აგებს ყველა -სქემის ორგანიზატორიც, შემსრულებელიც და მისი პოლიტიკური მფარველიც! ამიტომ, ჩვენ დღეს მკაფიოდ და პრინციპულად ვაყენებთ საკითხს: 1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს ყველა ბუნდოვანი და დანაშაულებრივი სქემა, რომელიც „ჰუმანიტარული დახმარების“ საფარქვეშ რუსულ ოკუპაციას, სამხედრო მანქანასა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფ დამნაშავეებს ამარაგებს! 2. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მტრულად განწყობილი უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალების უკანონო მომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტზე”,- განაცხადა ბესო შენგელიამ.